სიახლეები

სიახლეები

17.10.2017

ახალი ლიმონათი ქართულ ბაზარზე! „შაქარა“ „ნაბეღლავის“ შემქმნელებისგან!

„წყალი მარგებელის“ ოჯახს კიდევ ერთი წევრი, ლიმონათი „შაქარა“ შეემატა. კომპანია აწარმოებს „ნაბეღლავს“, „ბახმაროს“, „ნაბეღლავს ლაიმით“, „ბუღას“ ამჯერად კი, როგორც შემქმნელები ამბობენ, ახალი ქარხნის აშენებამ და მისმა ტექნიკურმა აღჭურვამ, შესაძლებელი გახადა ახალი პროდუქტის – ლიმონათი „შაქარას“ შემუშავება და დამზადება. ლიმონათის ახალი ბრენდი ქართველი მომხმარებლის წინაშე რამდენიმე კვირის წინ წარსდგა და ეტაპობრივად, მთლიანი ქართული ბაზრის ათვისებას გეგმავს. როგორია „შაქარას“ კონცეფცია და სამომავლოდ, რა სიახლეებს შესთავაზებს კომპანია მომხმარებელს – ამ საკითხებზე მარკეტერს „წყალი მარგებელის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ვიქტორია ჟიჟკო ესაუბრა:

M: როგორ შეიქმნა ახალი ქართული ლიმონათი?
მოგეხსენებათ, „წყალი მარგებელმა“ ახალი ქარხანა ავაშენეთ, რომელიც საშუალებას იძლევა ყველანაირი არაალკოჰოლური სასმელი ჩამოვასხათ და შესაბამისად, ეს გვაძლევს გაფართოებისა და პროდუქციის სახეობათა გამრავალფეროვნების კარგ შესაძლებლობას. სხვა მრავალ სასმელთან ერთად, რომელიც ჩამოვასხით, გადაწყდა, რომ გვეწარმოებინა ლიმონათიც.

M: რა არის „შაქარას“ კონკურენტული უპირატესობა ბაზარზე წარმოდგენილ ლიმონათის ბრენდებთან მიმართებაში და რამდენი სახეობის გემოს აერთიანებს ის?
უპირატესობა ის არის, რომ ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ გემო ყოფილიყო მაქსიმალურად ბუნებრივი, მიახლოებული ნატურალური ხილის გემოსთან. გვაქვს ექვსი სახეობის „შაქარა“ ესენია: ყურძენი, ფეიხოა, ლიმონი, ნაღები, მსხალი და ტარხუნა. 

M: რატომ შეარქვით ბრენდს „შაქარა“ და ვინ იმუშავა ბრენდინგის მიმართულებით?
ბრენდინგზე ჩვენ ვიმუშავეთ. შაქარა პერსონაჟია აკაკი წერეთლის ლექსიდან „ვაშლი და შაქარა“, აღნიშნული ლექსი კი დედა-ენაში არის შეტანილი. ბავშვი შესცქერის ვაშლს და მის მირთმევას ნატრობს. ძალიან ტკბილი და საყვარელი პერსონაჟია შაქარა, ბავშვისთვისაც გასაგებია. გარდა ამისა, გვინდოდა, გამოგვეხატა პატივისცემა დედა-ენის მიმართ. ბრენდი თან ბავშვურია, თან ხილი და სიტკბოც ფიგურირებს. მართალია, ვაშლის ლიმონათი არ გვაქვს, მაგრამ თვითონ პერსონაჟი ძალიან საყვარელი, მისაღები და ადვილად აღქმადია.

M: ხომ არ განსაზღვრავს ბრენდინგი იმას, რომ ეს საბავშვო პროდუქტია? როგორია მომხმარებელთა გამოხმაურება?
მართალია, ლიმონათს ძირითადად ბავშვები მიირთმევენ ხოლმე, შესაბამისად, ესეც არის კავშირში, თუმცა, თვითონ პროდუქტი მხოლოდ ბავშვებზე არ არის გათვლილი. ამ მცირე დროში, „შაქარამ“ ძალიან შეაყვარა თავი მომხმარებელს და გვიხარია, რომ დადებით შეფასებებს ვიღებთ.

M: სად და რა სახის შეფუთვებშია ხელმისაწვდომი „შაქარა“ და რა იქნება „წყალი მარგებელის“ შემდეგი ნაბიჯები ახალი ქარხნის ქონის პირობებში? რა ახალი პროდუქტების შეთავაზებას გეგმავთ, ლიმონათის შემდეგ, ქართველი მომხმარებლისთვის?
ლიმონათი „შაქარა“ ხელმისაწვდომი იქნება ეტაპობრივად, შუშის და პეტის შეფუთვაში. პეტის შეფუთვა განსხვავდება და არის ნახევარლიტრიანი, ლიტრიანი, ორლიტრიანი. ეტაპობრივად, ავითვისებთ ქართულ ბაზარს. „წყალი მარგებელის“ ახალ ქარხანას ძალიან დიდი შესაძლებლობებ აქვს. შესაბამისად, ეტაპობრივად ვცდილობთ ამ შესაძლებლობების გამოყენებას, რამდენიმე სიახლე გვაქვს გეგმაში, თუმცა, ჯერჯერობით, მათ შესახებ ვერ ვისაუბრებთ. 

 

წყარო: https://www.marketer.ge/shaqara-limonati/