სიახლეები

სიახლეები

19.09.2017

“ნაბეღლავი” ლაიმის ექსტრაქტით ალუმინის ქილაში - ახალი პროდუქტის რეალიზაცია დღეიდან დაიწყო

„ნაბეღლავის“ მწარმოებელმა კომპანია „წყალი მარგებელმა“ მინერალური წყალი ლაიმის ექსტრაქტით გამოუშვა. ამის შესახებ „კომერსანტთან საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელმა ავთანდილ სვიმონიშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ახალი პროდუქტი სარეალიზაციო ქსელში უკვე დღეიდან გავიდა.

 

სვიმონიშვილის ინფორმაციით, ახალი პროდუქტი 0.33 ლიტრიან ალუმინის ქილაში გაიყიდება და მისი გასაყიდი ფასი 1 ლარი იქნება. მისივე  განმარტებით, უკვე დღეიდან „ნაბეღლავი“ ალუმინის ქილაში ლაიმის გარეშეც გაიყიდება.

 

კითხვაზე, რატომ გადავიდა „ნაბეღლავი“  ალუმინის  ქილებში პროდუქციის წარმოებაზე და იქნება თუ არა რამდენიმე თვის წინ,მინერალური წყალი " ბორჯომის“ მიერ გამოშვებული ახალი შეფუთვით გამოშვებული პროდუქტის  კონკურენტი, სვიმონიშვილი განმარტავს, რომ ბრენდ „ბორჯომს“ თავისი სეგმენტი ჰყავს და „ნაბეღლავს“ თავისი. შედეგად, ერთი მეორეს მყიდველს არ წაართმევს.  მისივე განმარტებით, ალუმინის ქილაში პროდუქტის წარმოება ექსპორტზე გასატანად ბევრად უფრო მისაღებია.

 

 

რაც შეეხება  კომპანია  „წყალი მარგებელს“ , სვიმონიშვილი აცხადებს, რომ  „ნაბეღლავის“ ახალი ხაზის ამოქმედება კომპანიამ მიმდინარე ზაფხულში, ახალი ქარხნის გახსნისთანავე დააანონსა. მაშინ  კომპანიაში აცხადებდნენ, რომ აგვისტოდან ბაზარზე ახალი პროდქუტების გამოშვება იგეგმებოდა.

 

ახალი ქარხნის მშენებლობა და მისი თანამედროვე სტანდარტების მქონე მანქანა-დანადგარებით აღჭურვა დაახლოებით 40 მილიონი ევრო დაჯდა. ქარხანა, გურიის რეგიონში, სოფელ ნაბეღლავში, ნაბეღლავის ძველი ქარხნის გვერდით მდებარეობს. ახალი ქარხნის მშენებლობა 2015 წლის შემოდგომაზე დაიწყო.

 

წყარო: http://commersant.ge/?view=post&id=131807&lang_id=ge